რა საფრთხის შემცველია ბუნების დაბინძურება და როგორ მოქმედებს იგი ცოცხალ გარემოზე

რა საფრთხის შემცველია ბუნების დაბინძურება და როგორ მოქმედებს იგი ცოცხალ გარემოზე

“ოდნავი მოძრაობა ყველა ბუნებისათვის მნიშვნელოვანია. მთელ ოკეანეზე გავლენას ახდენს კენჭი”
(ბლეზ პასკალი)
           

ხომ იცით, რომ ბუნების დაბინძურება ერთ-ერთ ყველაზე დიდი და საშიში პრობლემაა მსოფლიოში? მისი გამომწვევი მიზეზი კი ხშირ შემთხვევაში წყალში ნარჩენებისა და ნავთობის მოხვედრა და ქიმიური ნივთიერებების გამოყენებაა.  შედეგად საფრთხე ექმნება ადამიანების და სხვა ცოცხალი ორგანიზმების სიცოცხლეს.

ადამიანი ბუნებას იმაზე მეტ პრობლემას უქმნის, ვიდრე ვულკანის ამოფრქვევისას, მტვრის ქარიშხლებისას და სხვა ბუნებრივი მოვლენებისას დგება ხოლმე.

ყოველდღიური საქმიანობისას, მაშინ როდესააც ჩვენ ავტომობილს ვატარებთ აქტიურად ვწვავთ ქვანახშირსა და ბენზინის. მაშინ, როდესაც აგარაკზე დასვენებისას შეშის წვით ვთბებით, ჩვენ კიდევ უფრო ვამწვავებთ, გლობალურად არსებულ პრობლემას. ქმედებები ცუდად აისახება ბუნებასა და ცოცხალ ორგანიზმებზე, შედეგად კი იზრდება დაავადებების გავრცელების რისკი.

ყველა ვაცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვანია წყალი ჩვენი ცხოვრების წესის სწორად წარმართვასა და ზოგადად სიცოცხლისთვის, მაგრამ მაინც არ ვუფრთხილდებით მას. ერთ ჩვეულებრივ დღეს, ჩვეულებრივი ქმედებით, უბრალო ჭურჭლის რეცხვის პროცესით გაუცნობიერებლად ვაბინძურებთ დედამიწის წყლებს, რადგან ვიყენებთ ქიმიურ ნივთიერებებს. ეს ქიმიური ნივთიერებები კი სათანადოდ არ იფილტრება, პირდაპირი გზით გადადის წყალში ან ნიადაგში. გამომდინარე იქიდან, რომ ჭურჭლის რეცხვის პროცესს ვერაფრით ჩავანაცვლებთ და ეს ჩვენი ცხოვრების ჩვეული ნაწილია, პრობლემის მოგვარების ერთადერთი გამოსავალი კი, ისეთი დანადგარების დამონტაჟებაშია, რაც გაწმენდს წყალს ქიმიური და ორგანული ნარჩენებისგან. გაუმართავი საკანალიზაციო სისტემების და არასათანადო გამწმენდი დანადგარების როლი კიდევ უფრო დიდია წყლის დაბინძურების პროცესში.

წყლის დაბინძურების დროს მავნე ნივთიერებები უერთდება წლის ნაკადს, რის შედეგადაც მცირდება წყლის ხარისხი. ასე ხდება წყალი მავნე ნივთიერება ადამიანისა და ცოცხალი გარემოსთვის. ჩვენს ონკანებში მომდინარე წყალში, შესაძლოა აღმოჩენილ იქნას მძიმე ლითონები, რომლებსაც ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის გამოწვევა შეუძლია — დაწყებული ჰორმონების დარღვევით, დასრულებული ტვინის ფუნქციების შეცვლით. ყველამ ვიცით, რომ უნდა გადავარჩინოთ წყალი, მაგრამ ძალიან ცოტას გვაქვს გაცნობიერებული თუ რამდენად საჭირო და მნიშვნელოვანია ეს.

იცოდით რომ ჰაერის დაბინძურება ყოველ 13 წუთში 800 ადამიანს კლავს, 3-ჯერ მეტს, ვიდრე მალარია, ტუბერკულოზი და შიდსი – ერთად აღებული?

მსოფლიოში მიმდინარე შეუჩერებელი მშენებლობები ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რადგან ეს პროცესი არ არსებობს სამშენებლო მტვრის გარეშე.

გსმენიათ რაიმე მფრინავ ნაცარსა და ჭვარტლზე?
დამეთანხმებით, რომ დღევანდელ დროში არსებობა წარმოუდგენლად მიგვაჩნია ელექტროენერგიისა და სითბოს გარეშე. რეალურად ამ კომფორტის გამოყენებისას ჩვენ ისევ და ისევ ვაბინძურებთ გარემოს, კერძოდ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანს, ჰაერს. სწორედ, სითბოსა და ელექტროენერგიის წარმოებისას ვრცელდება ჰაერში მფრინავი ნაცარი, მძიმე მეტალები, ჭვარტლი და სხვა. ეს ყველაფერი კი პირდაპირ, მძაფრად აისახება როგორც გარემოზე, ასევე ჩვენს ჯანმრთელობაზე.

მართალია შეიძლება ფილმი “ნატვრის ხის” ზოგიერთი პერსონაჟივით ვიფიქროთ რომ – “ამ ქვეყანას მე მაინც ვერ გავასწორებ და ძილი რაღათ უნდა დავიკლო?”. – მაგრამ სინამდვილეში თითოეული ჩვენგანის წვლილი უდიდესია პრობლემასთან ბრძოლის პროცესში. ჩვენ ვალდებულნი ვართ ვიპოვოთ გარემოს დაბინძურებასთან ბრძოლის ყველანაირი გონივრული გზა. თვალი გავუსწოროთ პრობლემას და ვაკეთოთ ის, რაც აუცილებელია უკიდურესი შედეგების თავიდან ასაცილებლად.